იდლიანში საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

  • მესტიის მუნიციპალიტეტის იდლიანის ტერიტორიულ ერთეულში, რკინა-ბეტონის საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი მნიშვნელოვნად ამცირებს იდლიანის თემთან დამაკავშირებელ გზას და მისი ღირებულება 1400000 ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოებს მესტიის მერის მოადგილე ირაკლი ქურდიანი ადგილზე გაეცნო.

“აქვე გაგაცნობთ იდლიანის თემში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს;

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ კერძო პირებისგან შეისყიდა 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც აშენდა თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული ახალი საბავშვო ბაღი;

სოფლის ცენტრში აშენდა მრავალფუნქციური შენობა ნაგებობა, სადაც განთავსებულია იდლიანში მესტიის მერის წარმომადგენლის სამუშაო სივრცე და სოფლის ამბულატორია.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ასევე განხორციელდა 9000 კვ.მ მიწის ნაკვეთის შესყიდვა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სტადიონის და სატრენაჟორო სივრცის სამშენებლო სამუშაოები, მიმდინარეობს ფრენბურთის მოედნის მოწყობა.

აღსანიშნავია, რომ იდლიანში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სწორად იქნა გამოყენებული სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხები. აღნიშნული პროგრამის დახმარებით და მესტიიის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური ჩართულობით, განხორციელდა სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია, აშენდა ორი რკინის ხიდი, რომელიც იდლიანის თემის სოფლებს ერთმანეთს აკავშირებს. ასევე აშენდა მილ-ხიდები და მოხდა ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა.

გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლეც! მოგეხსენებათ, იდლიანის ტერიტორიულ ერთეულს არ გააჩნია სრული საბაზისო სკოლა, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, ჭუბერის ტერიტორიული ერთეულის სკოლის ბაზაზე სწავლობენ. 2024 წელს დაიწყება საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც იდლიანის თემის მოსწავლეებს სრული საშუალო განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს.”-აღნიშნულია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.