- 31 ივლისს, მესტიის მუნიციპალიტეტის ნაკრის ერთეულში ახალი ორსართულიანი სპორტული კომპლექსი გაიხსნა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპორტულ დარბაზში ჩატარდება ვარჯიშები სპორტის შემდეგ სახეობებში: ძიუდოში, ქართულ ჭიდაობაში, კიოკუშინ კარატეში და ფრენბურთში.
სპორტული კომპლექსი უმასპინძლებს, როგორც შიდა, ასევე რეგიონალურ ტურნირებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
უწყების ცნობით, სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის, რეგიონული განვითარების ფონდიდან და მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 437 526 ლარი გამოიყო. მშენებლობის ფარგლებში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, მოეწყო სველი წერტილები, საშხაპეები და გასახდელები, შენობაში განთავსებულია ასევე მედდის კაბინეტი, სპორტული ცენტრის მენეჯერის ოთახი და იარუსები მაყურებლისთვის.
ახალი კომპლექსი საზეიმოდ გახსნეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა და პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ადგილობრივმა მკვიდრმა სოზარ სუბარმა.
აღნიშნულ ცენტრში სამომავლოდ ასევე დაგეგმილია კრივის რინგის, საცოცი კედლის და ტრენაჟორების მოწყობა.