- მესტიაში, სეტის მოედანზე გაიმართა ფესტივალი „სვანეთობა 2021“.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრალურ სკვერში მოეწყო ტრადიციული სვანური სამზარეულოსა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას, ჩამოსულ ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს, შესაძლებლობა ჰქონდათ ფესტივალის მიმდინარეობის დროს მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების პავილიონებთან დააგემოვნებინა სვანური ტრადიციული კერძები, ასევე დაეთვალიერებინათ წარმოდგენილი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები.
გამოფენის პარალელურად ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მიერ შესრულდა მუსიკალური ნომრები.
ფესტივალის ფარგლებში, ღონისძიებები მესტიის ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრში გადაინაცვლა, სადაც კონცერტი გამართა სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულმა მუსიკალურმა ბენდმა ,,folka”.
თეატრში წარმოდგენილი იყო სპექტაკლი ,,ბეთქილი”.
ღონისძიების დასასრულს თეატრის გარე სივრცეში გაიმართა მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი „მეტრონომი“ ნიკა მაჩაიძისა და ნატალია ბერიძის მუსიკაზე.
ფესტივალი ,,სვანეთობა 2021″ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის და მერიის ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.