- USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში 2-დღიანი სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას და ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.
სამუშაო შეხვედრას USAID-ის პროექტის წარმომადგენლები, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები ესწრებიან.
პროგრამის მიზანია ადგილობრივ ხელისუფლებას, სამოქალაქო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის და თანამშრომლობის ხელშეწყობა. პროგრამა დახმარებას გაუწევს პარტნიორ მუნიციპალიტეტებს კერძო სექტორის დაინტერესებასა და ინვესტიციების მოზიდვაში, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსავლების ზრდაზე.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის განხორციელების ყველა ეტაპზე გათვალისწინებული იქნება გენდერული თანასწორობისა და სოციალური ჩართულობის პრინციპი.