- საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მესტიის მუნიციპალიტეტში 6 საბავშვო ბაღს აშენებს. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნო.
მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის თემის სოფელ ლახამში და ჭუბერის თემის ცენტრში ახალი ბაღების სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, ხოლო ბეჩოს თემის სოფელ მაზერში, სოფელ მულახში, მულახის თემის სოფელ ჭოლაშში და დაბა მესტიის N2 საბავშვო ბაღების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
თითოეული საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელს მოემსახურება. პროექტების განხორციელებამდე, ბავშვებს ბაღში სიარული შორ მანძილზე უწევდათ. ახალი ბაღების მშენებლობის დასრულების შემდეგ პატარები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღებში ივლიან.
ახალ საბავშვო ბაღებში ეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზოები. ბაღის ყველა შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.
6 ახალი ბაღის მშენებლობას საქართველოს მთავრობა 5 მილიონი ლარით აფინანსებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 56 საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო.