გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება

  • გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2024 წლის 24 აგვისტოს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

“საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპყრობის წესების, ვადებისა და მოპოვებისთვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების შესაბამისად, ნადირობის სეზონს 2024 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს (24 აგვისტო) გახსნის.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველს ნადირობა გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის შემდეგ, აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე პერიოდში შეეძლება. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

გასათვალისწინებელია, რომ ნადირობა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ადგილებში, მათ შორის: საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში; სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ ნადირობა აკრძალულია ყველა სხვა იარაღიდან, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფო), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღიდან და სანადირო პნევმატური იარაღიდან.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები ნადირობის ადგილების მიხედვით ვრცლად იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/35115…