გიორგი ტერუნაშვილი-მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფლობა ჩემთვის უდიდესი პატივი იქნება

  • მასწავლებლის “ეროვნული ჯილდოს” კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. შერჩეულ 10 მასწავლებელს შორის არის გიორგი ტერუნაშვილი – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ჩვენი საქართველოს და ქართულის მასწავლებელი. ბატონი გიორგი ასევე პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელია და მის ფარგლებში ნამუშევარი აქვს საქართველოს სხვადასხვა მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში.

-ბატონო გიორგი, რა ემოცია გამოიწვია თქვენში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2021“-ის საუკეთესო ათეულში მოხვედრამ და რატომ გადავწყვიტეთ კონკურსში მონაწილეობა?

-პირველ რიგში, მოგესალმებით და დიდ მადლობას გიხდით, რომ ინტერვიუსთვის მომმართეთ. რაც შეეხება თქვენს კითხვას: ჩემი ემოცია, რასაკვირველი დიდი და ძალზე ამაღელვებელი იყო, როცა საუკეთესო ათეულის წევრად დამასახელეს. ასეთივე ემოციები ჰქონდათ ათეულის სხვა წევრებსაც, რაც ვიცი იქიდან, რომ გუშინ ჩვენმა ერთ-ერთმა წევრმა სოციალურ ქსელში შექმნა ჩვენი ათეულის წევრთა ჯგუფი და ვისაუბრეთ. გოგოები არ მალავდნენ ემოციებს, რაც ჩემზეც პოზიტურად მოქმედებდა და მახარებდა მათი სიხარული.

რაც შეეხება კონკურსში მონაწილეობას, მინდოდა დამემტკიცებინა სხვა მასწავლებლებისათვის ჩვენი პროფესიული საქმიანობა სათანადოდ ფასდება და მეტი სტიმული მისცემოდათ მათ პროფესიულ მუშაობაში. კონკურსში მონაწილეობის მიღებას მთხოვდნენ ჩემი მოსწავლეებიც, რომლებთანაც საკმაოდ ბევრს ვმუშაობ და იმდენს მივაღწიეთ ასე ერთობლივი შრომით, რომ ახლა თავად მოსწავლეები ხდებიან სასკოლო ღონისძიებების, პროექტების ინიციატორები, თავადვე გეგმავენ და ახორციელებენ მათ. მე მხოლოდ ფასილიტაციას ვუწევ მოსწავლეთა საქმიანობას და ვსაზღვრავ ძირითად სამიზნე მიმართულებებს. სურვილი მქონდა, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის სახელი გასცდენოდა რეგიონის ფარგლებს და მთელი საქართველოს საგანმანათლებლო საზოგადოებას გაეგო ამ სკოლის ბეჯითი მოსწავლეების წარმატებული საქმიანობების შესახებ. ისინი ახორციელებენ პროექტებს, სადაც რთავენ თემის წევრებს რესპოდენტების, მოწვეული სტუმრების, მოხალისეების სახით, თანამშრომლობენ თვითმმართველობასთან.

გიორგი ტერუნაშვილი მოსწავლეებთან

მინდოდა ამის შესახებ ყველას სცოდნოდა. ასევე, დიდი სურვილი მქონდა, ამ სასწავლო წელს მე მესახელებინა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“, რომლის წევრიც ვარ. ჩვენი პროგრამის მონაწილეებიდან ყოველ სასწავლო წელს რომელიმე ჩვენთაგანი ხვდება ხოლმე საუკეთესო ათეულში, რადგან ჩვენი პროგრამა მართლაც საქართველოს საუკეთესო მასწავლებლების ნაკრებია. წელს, ამის პატივი მე მხვდა წილად. „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“ წარმადგინა ჩვენივე პროგრამელმა და 2019 წლის საუკეთესო ხუთეულის წევრმა თამარ ადამიამ, აგრეთვე – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლამ. რეკომენდაცია ასევე გამიწია 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა გიორგი ჭაუჭიძემ. თამარიც და გიორგიც კარგად იცნობენ ჩემს პროფესიულ საქმიანობას.

ჩემთვის რჩეულის სტატუსი უდიდესი, სამაგალითო პასუხისმგებლობაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფლობა ჩემთვის უდიდესი პატივი იქნება.

მინდა გითხრათ, რომ ჩემს პროფესიონალიზებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის პროგრამამ “ასწავლე საქართველოსთვის”, რომლის გარეშეც შეუძლებელი მგონია, დღეს ერთ-ერთი კარგი მასწავლებლის სტატუსი მქონოდა. ამ პროგრამაში გავლილი ნაყოფიერი ტრენინგები, პროგრამელებთან პროფესიული და პირადი ურთიერთობები, საერთო პროექტები არის ის მთავარი საფუძველი, რითაც როგორც მასწავლებელი, შევდექი. “ასწავლე საქართველოსთვის” საუკეთესო მასწავლებელთა ნაკრებია, ხოლო მისი ხელმძღვანელები: ლალი წიკლაური და თამთა ნაცვალაძე – საუკეთესო მენეჯერი და კოორდინატორი. ერთი სიტყვით,  “ასწავლე საქართველოსთვის” ჩემი “დიდი ოჯახია”.

-წარმატებებს გისურვებთ.

-მადლობა “მესტიელებს”

მასალა მოამზადა ხატია წყაროზიამ

კომენტარის დატოვება