- ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში დასრულდა საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის 2022 წლის მეორე ტური, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობა მიიღო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტმა. მესტიის მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობდა მესტიის ფოლკლორული ანსამბლი ,,რიჰო”, ლენჯერის ანსამბლი ,,ცხარვაშ”, ლატალის ანსამბლი ,,ლატალი”, ჭუბერის ანსამბლი ,,ნენსკრა” და ეცერის ანსამბლი ,,ქალთიდი”.
ქართულ და სვანურ ენებზე ზეპირსიტყვიერების განყოფილებაში დამსწრე საზოგადოების წინაშე საკუთარი ლექსებით სახალხო მთქმელი, ქალბატონი, გოგუცა ხერგიანი წარსდგა.
ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა ასევე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები, რომელთა შორის გამოფენილ იქნა სვანი ხეზე კვეთის ოსტატების ტელმან გიგანის, შალვა გულედანისა და გიორგი ფილფანის ნამუშევრები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.
ფესტივალის მეორე ტურის შედეგებს გვაცნობებენ ჟიურის წევრები, რომელთა შორისაც გახლდათ ქართველი პოეტი, პედაგოგი და ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე.
მეორე ტურში გამარჯვებული ანსამბლები მონაწილეობას მიიღებენ დასკვნით ეტაპზე ქალაქ თბილისში, სადაც გამოვლინდება ფესტივალის გამარჯვებული.