- ტერმინი “თავისუფალი სვანეთი”, როგორც ვიკიპედია წერს, ზემო სვანეთის უბატონო თემებისათვის, მეფის რუსეთის ადმინისტრაციის მიერ პირობითად შერქმეული სახელწოდებაა და გაჩნდა მას შემდეგ, რაც 1853 წელს ზემო სვანეთი მეფის რუსეთის ხელისუფლებას დაემორჩილა.
თავისუფალი სვანეთის ცენტრია სოფელი ლალხორი და ტერიტორიულად მოიცავდა მდინარე ენგურის ზემო დინების აღმოსავლეთ ნაწილს, ბალის ქედიდან უშგულის ჩათვლით, ლატალის, ლენჯერის, მულახის, მულაჟის, იელის, წვირმის, იფარის, ადიშის, კალისა და უშგულის თემებს.
სვანეთის ამ ნაწილში ცხოვრობდნენ (ან რეზიდენცია ჰქონდათ) სვანეთის ერისთავები — ფარჯანიანი, ვარდანიძე, მარუშიანები და გელოვანები. აქვე სახლობდნენ სვანეთის ცნობილი აზნაურები („ვარგები“) — ჩარკვიანები, ყიფიანები, გოშთელიანები, ჯაფარიძეები, ქურდიანები, ჟორჟოლიანები, დევდარიანები და სხვები, რომელთაც თავის დროზე არაერთი (პოლიტიკური, ეკონონომიური და უფლებრივი) პრივილეგია ჰქონდათ, ამასთან, ფლობდნენ შინაყმებსა და ჰყავდათ ვალდებული გლეხები.