კულტურის სამინისტრო-უშგულში ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი სვანური კოშკების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალისხმევით, მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემში, რატიანების, ჭელიძეებისა და ღვაჩლიანების სამ კოშკს გადაუდებელი რეაბილიტაცია უტარდება.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსს ინფორმაციით, მათი რეაბილიტაცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს სვანეთს სამუშაო ვიზიტით კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ეწვია. უშგულში მინისტრი ადგილზე გაეცნო UNESCO-ს ნუსხაში შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას და მათი სავალალო მდგომარეობით შეწუხებულ მოსახლეობას დაპირდა, რომ სამინისტრო ზამთრის დადგომამდე ქმედით ზომებს მიიღებდა კომპლექსური პრობლემის ნაბიჯ-ნაბიჯ აღმოფხვრის მიზნით. სწორედ ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია ამჟამად უშგულის თემის კოშკების რეაბილიტაცია. პირველი სამი კოშკი განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობისა და იქიდან გამომდინარე შეირჩა, რომ დაზიანებული სახურავის მიზეზით და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მომავალ ზამთარს მათ აუნაზღაურებელი ზიანი მიადგებოდათ.

უწყების ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, გამოიცვლება კოშკების გადახურვა, რაც მოიცავს ძველი ხის კოჭების ახლით ჩანაცვლებას, იზოლაციის მოწყობას, არსებული ფიქალის ქვის გადამუშავებას და სახურავის მოწყობას.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებენ სამუშაო ჯგუფები, რომლებიც, სამინისტროს გადაწყვეტილებით, სრულად დაკომპლექტებულია ადგილობრივი მაცხოვრებლებით. სამუშაოების დამკვეთია სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 18 ნოემბერს დაიწყო და მიმდინარე წლის 18 დეკემბერს დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *