- მესტიის მუნიციპალიტეტსა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ძლიერი სოფლის პროგრამას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის მიზანია საქართველოს ადმინისტრაციულ-სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, სამიზნე მუნიციპალიტეტებსა და თემებში ახალი შესაძლებლობების გაჩენა, შემოსავლების ზრდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
უწყების ცნობით, პროგრამა 5 წლიანია (2022-2027) და პროგრამის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ისეთ პერსპექტიულ დარგებზე, როგორიც არის ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.
პროგრამის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტში მერის ბრძანებით განისაზღვრა მესტიის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ჯგუფისა და ტექნიკური ჯგუფის შემადგენლობა.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის, ასევე სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.
სამუშაო შეხვედრის დასასრულს, USAID ძლიერი სოფლის პროგრამის ხელმძღვანელმა, დინა კარიჩმა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს.