- შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 15 პირია დაკავებული, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 3 პირი – 1963 წელს დაბადებული მ.კ., 1982 წელს დაბადებული მ.ც. და 1969 წელს დაბადებული გ.ჯ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი, 2 შაშხანა, ტყვიამფრქვევი და 93 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
“ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.