მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

შსს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 14 პირია დაკავებული.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიისა და ზუგდიდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი – 1990 წელს დაბადებული მ..ა. და 1961 წელს დაბადებული კ.ს. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 9 მჭიდი, 91 ვაზნა, გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ ,,აბრეზი” და ხელყუმბარა.”

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.