- 15 გვისტოს მესტიაში, კალას ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ხალდეში წელს უკვე მეოთხედ “ხალდეობის” ღონისძიება გაიმართება.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 15:00 საათზე ღონისძიება გაიხსნება მესტიის ფოლკლორული ანსამბლის „რიჰოს“ კონცერტით, რომლის დასრულების შემდეგ ადგილობრივი პოეტები და მხატვრული კითხვის ოსტატები წარმოგვიდგენენ პოეზიას საკუთარი შემოქმედებიდან.
ღონისძიების ორგანიზატორების მიერ წარმოდგენილი იქნება სვანური კუთხე და სვანური სამზარეულო, რომლის დაგემოვნების საშუალება უფასოდ ექნება ღონისძიების ყველა ვიზიტორს.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ხალდეს აჯანყების ამსახველი ისტორიული ფოტომასალის გამოფენა.
ინფორმაციისთვის: წელს ხალდეს აჯანყებიდან 148 წელი გავიდა, სვანეთში მომხდარი აჯანყება მიმართული იყო რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ, 1875-1876 წლებში რუსულმა ჯარმა სვანური სოფელი ხალდე მიწასთან გაასწორა და აკრძალა ამ ტერიტორიაზე დასახლება. ცოცხლად გადარჩენილი აჯანყების ყველა მონაწილეს ხანგრძლივი კატორღა ან გაციმბირება მიესაჯა.
ღონისძიება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და “ხალდეს აღორძინების ფონდის” ინიციატივით, უკვე მეოთხე წელია ტარდება.