- “მესტიის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების საშუალოვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის” სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაცია მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა. დოკუმენტი შემუშავდა საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის #264-ე განკარგულებით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვის სახელმძღვანელოს შესაბამისად.
დოკუმენტზე ინტენსიურად მუშაობდა დოკუმენტის შექმნისა და ინიცირების სამუშაო და ტექნიკური ჯგუფები, რომელთა შემადგენლობაშიც შედიან როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
მესტიის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი 2024-2027 წლებისთვის მოიცავს ადგილობრივი საშუალოვადიანი განვითარების ხედვას, 3 სტრატეგიულ მიზანს, ამ მიზნების შესაბამის ამოცანებსა და აქტივობებს (სამოქმედო გეგმა), ისევე როგორც არსებული სიტუაციისა და SWOT ანალიზს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი ხაზს უსვამს მესტიის მუნიციპალიტეტში არსებულ ელექტრომომარაგების პრობლემურ საკითხს და განიხილავს ამ პრობლემატიკას მუნიციპალიტეტის მთავარ გამოწვევად. გადაჭრის გზებად კი დასახულია ენერგეტიკის განვითარების პოტენციალი და კონკრეტული მუნიციპალური პროგრამები, რომელიც დაეხმარება განახლებადი ენერგიების სფეროს განვითარებას, ისევე როგორც წაადგება მუნიციპალიტეტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და საიმედო ელექტრომომარაგების წყაროების შექმნას.
იმისთვის, რომ დოკუმენტი გავხადოთ ინტერაქტიული, აღქმადი და საინტერესო როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე სხვა აუდიტორიებისთვის – „ახალგაზრდული თვითმართველობა“ მუშაობს სტრატეგიული დოკუმენტის ქსელური რუკის (ე.წ. ციფრული ტვინის) შექმნაზე, რომელიც პლატფორმა Obsidian-ზე დაიტანება და ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ. აღნიშნული პლატფორმა არის ცოდნის მართვის ძლიერი ხელსაწყო, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ფუნქციებს კომპლექსური საკითხების ორგანიზებისა და მენეჯმენტისთვის.
აღნიშული დოკუმენტის შემუშავებაში მესტიის მუნიციპალიტეტს დაეხმარა USAID-ის „ძლიერი სოფლის პროგრამა“, მესტიის მუნიციპალიტეტსა და USAID-ის „ძლიერი სოფლის პროგრამას“ შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმისფარგლებში.
დოკუმენტი ხელმისაწვდომია როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ვებ-გვერდზე: www.mestia.gov.ge (მთავარი გვერდი->თვითმმართველობა->მუნიციპალიტეტის სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები), აგრეთვე ა(ა)იპ „მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობის“ ვებ-გვერდზე: www.mestiayouth.org (მთავარი გვერდი->საშუალოვადიანი განვითარების სტრატეგიული გეგმის შექმნის კოორდინაცია).
მესტიის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის ხედვა: „მესტიის, როგორც მდგრადი ტურისტული ცენტრის გლობალური პოზიციონირების გასაძლიერებლად შევინარჩუნებთ და ღირსეულად წარმოვაჩენთ სვანეთის კულტურულ, ისტორიულ და არქიტექტურულ მემკვიდრეობას; დავნერგავთ განახლებადი ენერგიის გადაწყვეტილებებს, ხელს შევუწყობთ ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას, სოციალურ კეთილდღეობასა და დინამიურ ინფრასტრუქტურულ განვითარებას. მდგრადი განვითარების და ადგილობრივი ბიოპროდუქტების წარმოების მხარდაჭერით ჩვენ გავაუმჯობესებთ ცხოვრების ხარისხს ყველა მაცხოვრებლისთვის და შევქმნით ეკოლოგიურ ინიციატივებსა და საუკეთესო პრაქტიკებზე დაფუძნებულ დივერსიფიცირებულ ეკონომიკას“.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს