- ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის 1 ოქტომბრიდან მესტიის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში – ჭუბერში, ლატალში, ეცერში, ფარში და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ორ თემში ჩოლურსა და ლაშხეთში – სალოტბარო სკოლები გაიხსნა.
“ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 33 სალოტბარო სკოლის ათწლიანმა წარმატებულმა საქმიანობამ ცხადყო ამ წამოწყების უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისა და ახალგაზრდების ტრადიციული ღირებულებებით აღზრდის საქმეში.
სალოტბარო სკოლების დაარსებისთანავე დაისახა სასოფლო სკოლების გახსნის სამომავლო პერპექტივა. დღეს კი ამ საკითხის აქტუალობა ახალგაზრდების მხრიდან ქართული ტრადიციული მუსიკის მიმართ მზარდმა ინტერესმაც განაპირობა.
სვანეთის მაღალმთიანი სოფლებიდან, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, ამინდების გამო რთულდება და თითქმის შეუძლებელი ხდება ტრანსპორტით გადაადგილება, ძნელია გაკვეთილებზე დასასწრებად მუნიციპალურ ცენტრში სიარული.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა პირველ ეტაპზე მესტიისა და ლენტეხის სალოტბარო სკოლების საქმიანობის გაფართოება გადაწყვიტა და შორეულ სოფლებსა და სათემო ცენტრებში სალოტბარო სკოლები გახსნა. ამ წამოწყებას მხარი დაუჭირა კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა.
რატომ სვანეთი?
სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მხარეა, სადაც დღემდე სინკრეტულად, პირვანდელი სრულყოფილებითაა შემონახული ფოლკლორი – სიმღერა, ცეკვა, ფერხული, საკრავი… ამას გარდა, სვანურმა დიალექტმა შექმნა და დღემდე შეინარჩუნა განსხვავებული კილოკავები მეტყველებასა თუ მუსიკაში. ამ მრავალფეროვნების მოფრთხილება და შენარჩუნება ჩვენი ეროვნული საუნჯის სიმდიდრისა და სიცოცხლის გარანტიაა. სწორედ კილოკავთა განსხვავებულობის გათვალისწინებით დაფუძნდა ახალი სალოტბარო სკოლები მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში. მნიშვნელოვანია, რომ ამ სოფლებში არიან გამოცდილი მომღერლები და ლოტბარები, რომლებმაც თავად კარგად იციან ადგილობრივი კილოკავის სიმღერა-საგალობლები თუ ფერხულები და შეუძლიათ, ეს ტრადიციები მომავალ თაობას ღირსეულად გადასცენ.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.