- მესტიის მუნიციპალიტეტის ლახამულის თემის გადაწყვეტილებით, სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში გასული წლის მაისში დაიწყო. სამუშაოები 18 თვეს გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ XII საუკუნის ხელნაწერი ისევ სოფელ ლახამულში დაბრუნდა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლახამულის ოთხთავის რესტავრაციისა და კონსერვაციის სამუშაოებზე რამდენიმე რესტავრატორი მუშაობდა. ხელნაწერის ყოველ ფურცელს ჩაუტარდა დეზინფექცია, დარბილდა და გაიწმინდა მშრალი და სველი წესით, შეივსო ნაკლული და დაზიანებული ადგილები. პარალელურად მიმდინარეობდა ხელნაწერის სამეცნიერო შესწავლა და ციფრული ასლი დამზადება.
ეტრატზე შესრულებულ ლახამულის ოთხთავს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ოთხთავების გიორგი მთაწმინდელისეული რედაქციის შესწავლისთვის. ამ ხელნაწერს არაერთი მინაწერი ახლავს, რომლებიც უძვირფასეს ცნობებს გვაწვდის ლახამულის ხევის სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და რელიგიური ყოფის შესახებ.მესტიის მუნიციპალიტეტის და ლახამულას თემის მოსახლეობის სახელით, მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლებს, გულმოდგინედ და მაღალი პასუხისმგებლობით შესრულებული სამუშაოსთვის.
აღნიშნული პროცესის წარმატებით დასრულებაში მნისვნელოვანი წვლილი მიუძღვით ქალბატონ თეა წულუკიანს, ბატონ სოზარ სუბარს და ბატონ ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელთა უშუალო ჩართულობით მოლაპარაკების პროცესში და ლახალმულას თემის მოსახლეობის მიერ, მათთვის გამოცხადებული ნდობის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ლახამულას ოთხთავის გადარჩენა.ეს იყო პირველი პრეცენდენტი, როდესაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობას და ანდო ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადარჩენის საკითხი.