- დაბა მესტიაში, სეტის ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი დაფინანსებულია სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სკვერის და მიმდებარე არეალის სრული რეაბილიტაცია. სამშენელო სამუშაოები მოიცავს სხვადასხვა ტიპის საპარკე ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას უმაღლესი ხარისხის სამშენებლო და ხის მასალებით.
სკვერში მოეწყობა საბავშვო გასართობი და სავარჯიშო ზონები, სხვადასხვა ტიპის რეკრეაციული სივრცეები, მერხები, სანაგვე ურნები და გარე განათება. ასევე აღდგება საფეხმავლო თუ გამწვანებული საფარი. სკვერის არქიტექტურული ელემენტები გათვლილია და შეესაბამება საერთო არქიტექტურულ იერსახეს.
მშენებელი კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით სკვერის რეაბილიტაცია “Design-Build”-ის მეთოდით განხორციელდება, რომელიც გულისხმობს ერთი კონტრაქტორის შერჩევას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება როგორც პროექტის შექმნაზე, ასევე სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში (NAT220015672) გამარჯვებული კომპანია შპს „დაგი“ ასრულებს. ტენდერი გამოცხადებულია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ.
რეკრეაციული სივრცის სამშენებლო პროცესი, დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა დაათვალიერა.