სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმის დირექტორად ზვიად კვიციანი წარადგინეს

  • საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მესტიაში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლებს და მოწვეულ სტუმრებს მუზეუმის ახლადდანიშნული დირექტორი ზვიად კვიციანი პირადად წარუდგინა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ზვიად კვიციანი სვანეთის მუზეუმის დირექტორად 2021 წლის 30 დეკემბერს, კულტურის მინისტრის ბრძანებით დაინიშნა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თეა წულუკიანმა ისაუბრა ზვიად კვიციანის წარმატებულ პროფესიულ საქმიანობაზე და აღნიშნა, რომ მინისტრის 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს სსიპ ეროვნული მუზეუმების გაერთიანებაში განსაკუთრებული, ავტონომიური სტატუსი მიენიჭა.

ამიერიდან, სსიპ ეროვნული მუზეუმის დირექტორატს ზვიად კვიციანის სახით ახალი, მე-5 წევრი შეემატება და ეროვნული მუზეუმის მართვაში სვანეთის მუზეუმიც მიიღებს მონაწილეობას. მოცემული ცვლილება არის გაგრძელება იმ სამუზეუმო რეფორმის, რომელიც გულისხმობს კარგი მმართველობის თანამედროვე პრინციპების დანერგვას მუზეუმებში და რომლის ფარგლებშიც, 2021 წლის გაზაფხულზე, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნულ მუზეუმს უკვე გამოეყო მუზეუმთა ჯგუფები და ჩამოყალიბდა 4 მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი:

1. შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

2. სპორტის მუზეუმი.

3. გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი.

4. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი, რომელიც ასევე მოიცავს დანარჩენ.

7. მუზეუმს და ორ კვლევით ცენტრს და აქამდე მოიცავდა სვანეთის მუზეუმსაც.

ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს კულტურის სამინისტროს შექმნიდან დღემდე სამუზეუმო სფეროში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. თეა წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაზე, ისაუბრა ეროვნული გალერეის რეაბილიტაციის, ჩატარებული და დაგეგმილი გამოფენების შესახებ, ასევე, ხელოვნების მუზეუმის შენობის რეაბილიტაციასა და ამ პერიოდში ექსპონატების დროებით უსაფრთხო სივრცეში დაბინავების საკითხზე.

ღონისძიების ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა თეა წულუკიანს მესტიის საპატიო მოქალაქის სიგელი გადასცა. ამასთან, ღონისძიებაზე მეცნიერების მიერ სვანეთის ისტორიულ – ეთნოგრაფიული მუზეუმისათვის ქართველი საზოგადო მოღვაწის, ეთნოგრაფის, მკვლევარისა და მუზეუმის ერთ-ერთი დამაარსებლის, ეგნატე გაბლიანის სახელის მინიჭების საკითხი იქნა წამოჭრილი, რასაც კულტურის მინისტრი დადებითად გამოეხმაურა.

სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორის წარდგენას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სკოლების დირექტორები და ისტორიის მასწავლებლები, ასევე სამუზეუმო და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიება მუსიკალურად ანსამბლმა „რიჰომ“ გააფორმა.

კომენტარის დატოვება