- მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცხუმარის ტერიტორიულ ერთეულში სანიაღვრე რკინაბეტონის არხის მშენებლობა იწყება.
უწყების ცნობით, მშენებლობის სახელშეკრულებო ღირებულებაა 411 167 ლარი. პროექტის მიხედვით სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე 521.8 მეტრს შეადგენს.
“საპროექტო მონაკვეთი მდებარეობს სოფელ სვიფში, სადაც არსებული ხევი ჩამოედინება სოფლის ცენტრში და სოფელს ორ ნაწილად ყოფს. უხვი ნალექის დროს ხევის არსებული კალაპოტი ვერ უზრუნველყოფს წყლის ნაკადის გატარებას, ადიდებული წყალი ტბორავს მიმდებარე ტერიტორიას, ეზოებსა და საცხოვრებელ სახლებს, ამიტომ სანიაღვრე არხის მშენებლობა სოფლის უსაფრთხოების თვალსაზრისით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში (NAT230000744) გამარჯვებული კომპანია შპს „ქორულდი“ შეასრულებს.