- 16-17 ოქტომბერს, მესტიაში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და მესტიის მუნიციპალიტეტი ერთობლივად აღნიშნავენ მსოფლიო სურსათის დღეს და სოფლად მცხოვრები ქალების დღეს.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, დამთვალიერებლებისა და მყიდველებისთვის ფერმერები აგრობაზარზე წარმოადგენენ სხვადასხვა ადგილობრივ პროდუქტს, მათ შორის, რძის პროდუქტებს, თაფლს, ღვინოს, ჩურჩხელას, ჩირს, ქართული ხორბლის უძველეს ჯიშებს და პარკოსნებისგან დამზადებულ ტრადიციულ კერძებსა თუ ნიშურ აგრარულ ნაწარმს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
გაიმართება ტრადიციული ქართული კერძების მომზადების მასტერკლასებიც.
პურისა და ხორბლის გამოფენა ბიომეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ პარტნიორობით მოეწყობა.
ღია ცის ქვეშ გამართული ღონისძიებები მეორე დღეს, 17 ოქტომბერს დისკუსიითა და ვორქშოფით გაგრძელდება. მეწარმე ქალების მონაწილეობით ჩატარდება დისკუსია სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების გამოწვევების შესახებ, მოგვიანებით კი ღონისძიებები სურსათის უვნებლობის შესახებ გამართული ვორქშოფით დასრულდება.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან ავსტრიის განვითარაების თანამშრომლობა (ADC) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC). ღონისძიების პარტნიორია ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა“.