- მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კალას ადმინისტრაციულ ერთეულში „ხალდეობის“ დღესასწაული აღინიშნა.
ღონისძიება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის და “ხალდეს აღორძინების ფონდის” ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ხალდეველების შთამომავლები ესწრებოდნენ.
მესტიის მუნიციპალიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა „რიჰომ“, ხალდეს აჯანყებისთვის მიძღვნილი სვანური ხალხური სიმღერით “გაულ გავხე” – ღონისძიება ოფიციალურად გახსნა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ხალდეს მკვიდრმა, თორნიკე გასვიანმა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა კულტურის საკითხებში, ლევან კიკვიძემ.
სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის თეატრის მიერ, ღია სცენაზე, ხალდეს ნანგრევებში გაცოცხლდა ხალდეს აჯანყების ისტორია.
პიესა მოგვითხრობს სვანეთის იმ სოფელზე, რომელმაც რუსულ ოკუპაციაზე თქვა უარი, ლაგურკას ეკლესიის სიწმინდეზე დადებული ფიცი არ გატეხა და 1875 წლის 1 აგვისტოდან 27 აგვისტომდე, უკანასკნელ სისხლის წვეთამდე იბრძოლა თავისუფლებისთვის. ამის შემდეგ რუსებმა მიწასთან გაასწორეს ადამიანების გარეშე დარჩენილი ნასახლარი, ცეცხლს მისცეს კოშკებიც და საყანე მიწებიც. ბრძანება გასცეს, რომ სახელი შეცვლოდა და იქ არასდროს აღარავინ დასახლებულიყო.
სპექტაკლმა განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია მაყურებელში, შთამბეჭდილებებს ამ ისტორიის ხილულ ნანგრევებში გადმოცემა უფრო ამძაფრებდა.
დიდი ინტერესი გამოიწვია, ასევე ხალდეს აჯანყების ფოტო-გამოფენამ.
ღონისძიების დასასრულს ადგილობრივი მზარეულების მიერ ჩატარდა სვანური კუბდარის ცხობის და სვანური სამზარეულოს მასტერ-კლასები.
ღონისძიება დახურა ანსამბლმა „რიჰომ“ სვანური სიმღერებით “ლილე” და ქართული მრავალჟამიერი.
აღსანიშნავია და სასიხარულოა ის ფაქტი რომ სოფელ ხალდეში წინაპართა საცხოვრებელ ადგილს 4 ოჯახი უკვე დაუბრუნდა და დანგრეული სახლები აღადგინა.
შეგახსენებთ, რომ ,,ხალდეობის” დღესასწაული გასულ წელს დაფუძნდა და ის ტრადიციულად, ყოველ წლიურად გაიმართება.