- 28 ივნისიდან 2 ივლისამდე ლიეტუვის რესპუბლიკის ქ. ტელშაიში ჩატარდა რიგით მე – 12 საერთაშორისო ფოლკლორული და ახალგაზრდული ფესტივალი, სადაც მიწვეული იყო მესტიის სალოტბარო სკოლა ვახტანგ ფილფანის და გოდერძი აფციაურის ხელმძღვანელობით. ჯგუფს ხელმძღვანელობდა მესტიის მერის მრჩეველი კულტურის და სოციალურ საკითხებში, ლევან კიკვიძე.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში ბალტიის პირეთის სხვადასხვა ქვეყნის ანსამბლები, მათ შორის სლოვაკეთისა და ჩეხეთის საბავშვო და ახალგაზრდული ფოლკლორული კოლექტივები იღებდნენ მონაწილეობას. მესტიის სალოტბარო სკოლამ ღირსეულად წარადგინა ჩვენი კუთხის და ქვეყნის უძველესი მუსიკალური ფოლკლორი.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა ტელშაის მუნიციპალიტეტის მერთან ტომას კატკუსთან, ვიცე მერთან და მერიის სხვა წარმომადგენლებთან.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ბავშვთა და ახალგაზრდული ფოლკლორის მე-12 საერთაშორისო ფესტივალი სახელწოდებით “A š pasiejau v ėina popa” ასევე ისაუბრეს პარტნიორ ქალაქებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, მიღებულ გამოცდილებაზე და მომავალ ვიზიტებზე. გაცვლითი სასწავლო პროგრამებზე.
ფესტივალი ჩატარდა ორ ქალაქში ტელშაისა და ვარნიეში. ფესტივალის ფარგლებში ვახტანგ ფილფანმა და გოდერძი აფციაურმა ასევე ჩაატარეს სვანური სიმღერისა და ცეკვის მასტერკლასები.
სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა მოხუცებულთა სახლში ჩაატარეს კონცერტი ხანდაზმულებისთვის, რომელიც მიეძღვნა მოხუცთა სახლის დაარსებიდან 30 წლისთავს.
ფესტივალში წარმატებით მონაწილეობისთვის, მადლიერების ნიშნად, ვიცე მერმა, მესტიის სალოტბარო სკოლას სპეციალური დიპლომი გადასცა.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებისთვის მოეწყო ექსკურსიები ლიეტუვის რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქებში. ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ ევროპულ კულტურას.
ფესტივალის დასასრულს მესტიის მერის მრჩეველმა კულტურისა და სოციალურ საკითხებში, ლევან კიკვიძემ, ტელშაის რაიონის ხელმძღვანელ პირებს და დამსწრე საზოგადოებას სვანეთის დელეგაციის და მესტიის მერიის სახელით გულითადი მადლობა გადაუხადა და დასძინა ,,ბედნიერებაა, როცა ამდენ ადამიანს უყურებ, რომლებიც ასეთ ოვაციებს და მადლიერებას გამოხატავენ საქართველოს და ქართველი საზოგადოების მიმართ.”
ფესტივალი დასრულდა მესტიის სალოტბარო სკოლის და ქ. ტელშაის ახალგაზრდული ფოლკლორული ანსამბლების წევრების მიერ ერთობლივად შესრულებული სვანური ფერხულით!
ინფორმაციისთვის: 2018 წელს მესტიის მუნიციპალიტეტსა და ტელშაის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც გულისხმობს ტურიზმის, ბიზნესის, კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობას.
ლიეტუვის რესპუბლიკის ქ. ტელშაიში მე – 12 საერთაშორისო ფოლკლორულ და ახალგაზრდულ ფესტივალში სვანეთის დელეგაციის მონაწილეობის ორგანიზება და ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ.