- მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის სააქტო დარბაზში, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ საჯარო განხილვა-დისკუსია გაიმართა.
სტრატეგიის უმოკლეს ვადებში დამტკიცების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაიწყო რეგიონებში გასვლა და კონსულტაციების გამართვა.
სტრატეგიის შესახებ პრეზენტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარებისა და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი დიდიძემ წარადგინა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში, მესტიის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
სამუშაო დოკუმენტის პირველი ეტაპის საჯარო კონსულტაციაზე იმსჯელეს სტრატეგიის ძირითად მიზნებზე და ამოცანებზე, რომლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტების ფარგლებშია განსაზღვრული.
დამსწრე საზოგადოების მხრიდან მრავლად დაისვა კითხვები სხვადასხვა აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე. ძირითადი აქცენტები შეეხებოდა ჯანდაცვის სერვისებს, მაღალმთიანი დასახლების ეკონომიკურ პროფილს, მათ შორის სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. ასევე იყო მსჯელობა ბიზნესისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე და ინფრასტრუქტურის (გზები, ელექტრომომარაგება) განვითარების მიმართულებით.
დოკუმენტის მაკოორდინირებელ უწყებად განსაზღვრულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. სტრატეგიის დამტკიცებამდე, სავალდებულოა მათი საჯაროდ განხილვა ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობისაგან უკუკავშირის მოსმენა.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს