- სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მესტიის მუნიციპალიტეტში კოშკების/მაჩუბების რეაბილიტაციას განაგრძობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ლენჯერის თემის სოფელ ქაშვეთში მდებარე მიხეილ ფილფანის კოშკის გადახურვის და ბაბუ ფილფანის/სალარებ წიფიანის კოშკის სართულშუა გადახურვის, ასევე, მულახის თემის სოფელ მურშკელში მდებარე სოგრატ ქურდიანის კოშკის გადახურვის რეაბილიტაცია.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემუშავებულია ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზე 2024 წელს დაიგეგმა სამუშაოების ჩატარება.
“საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია მიხეილ ფილფანის კოშკის სახურავის ბურულის დაშლა, ჰიდროსაიზოლაციო მემბრანის მოწყობა და სახურავის საფრის მოწყობა ყავრის ფენილით.
ამავდროულად, მიმდინარეობს: ბაბუ ფილფანისა და სალარებ წიფიანის კოშკის ნანგრევი ჩახერგილობისგან გაწმენდა; სართულშუა გადახურვის კოჭების შეფიცვრა; ქვის დაზიანებული ნაწილის ამოშენება; ფასადის დაზიანებული ნალესობის მოხსნა და კირის დუღაბით ხელახლა შელესვა.
სოგრატ ქურდიანის კოშკზე მიმდინარეობს კოშკის ზედაპირის გამოქარული ქვის წყობის მოხსნა-აშენება და სახურავის ხის კონსტრუქციების, ყავრის ქვედა და ზედა ფენილის მოწყობა, 48 კუბური მეტრი მოცულობის კოშკის კედლის აშენება კირდუღაბის ხსნარით.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „თაუერს+“ 2024 წლის 13 მაისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს.
ზემოაღნიშნული სამი კოშკის რეაბილიტაციისთვის სააგენტომ გამოყო 245 336 ლარი.
ინფორმაციისთვის: სააგენტო ეტაპობრივად ატარებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მდებარე კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაციას. დასრულდა 2023 წელს დაწყებული სამუშაოები და განახლდა სოფელ წვირმში გიგლემიანებისა და ფანგანების საგვარეულო კოშკების გადახურვა, ლენჯერის თემის სოფელ ნესგუნში ლაშა გულედანისა და მიშა გულედანის, სოფელ სოლში გისა ხაფთანის, ბექა ხორგუანისა და თევდორე შუკვანის კოშკების გადახურვა. ასევე, მულახის თემის სოფელ ლახირში განახლდა რუსიკო ზურებიანის კომპლექსში შემავალი გუბანდი და მაჩუბი, ხოლო სოფელ აცაში – გია კვებლიანის კოშკი.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.