- მესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ლახუშდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 3912981 (სამი მილიონ ცხრაას თორმეტიათას ცხრაას ოთხმოცდაერთი) ლარს შეადგენს.
უწყების ცნობით, რეაბილიტაცია იწყება ცენტრალური გზიდან და მთავრდება სოფელ ლახუშდის ცენტრში. საპროექტო გზის მონაკვეთი შეადგენს 1980 გრძ.მ-ს.
“არსებული საავტომობილო გზა გრუნტისაა და დაზიანებულია. გზის საპროექტო მონაკვეთზე ამ ეტაპზე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები. აქტიურად მიმდინარეობს მიწის ვაკისის დამუშავება. პროექტის ფარგლებში გზის ოთხ მონაკვეთზე დაგეგმილია ხელოვნური ნაგებობების და გაბიონებით საყრდენი კედლების მშენებლობა, მოეწყობა წყლის არინების სისტემა, დაიგება ასფალტობეტონის საფარი და ფოლადის ბაგირით შემოიფარგლება გზის ათამდე მონაკვეთი. ასევე პროექტის ფარგლებში გზაზე არსებულ ღელეზე მოეწყობა მონოლითური რკინაბეტონის სახიდე გადასასვლელი”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ხელშეკრულების მიხედვით სამშენებლო სამუშაოები დასრულდება 2025 წლის აპრილის თვეში.
სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში (NAT230000737) გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „თავადი-I“ ასრულებს.