მესტიაში ნიკო ფალიანის ფილმების პრეზენტაცია გაიმართა

  • მესტიის ლეო ფილფანის სახელობის თეატრში, ნიკო ფალიანის ფილმების “Lukmed”, “Kastanistan” და “Lost in Georgia” პრეზენტაცია გაიმართა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სათავგადასავლო და ექსტემალური თემატიკის ფილმები, ნიკო ფალიანმა 2022 წლის ზამთრის სეზონზე გადაიღო, ავსტრიელ და შვეიცარიელ პროფესიონალ მოთხილამურეებთან ერთად.

ფილმი “Lukmed” გადაღებულია მესტიაში, ფილმში ნიკო ფალიანთან ერთად მონაწილეობენ სებასტიენ ვარლე (Sebastien Varlet), ოსკარ მანდინი (Oscar Mandin), რეჟისორი, ჟოან გიო (Johan Ghio).

ფილმი “Lost In Georgia” გადაღებულია აპრილის მიწურულს სვანეთში, დადიაშის ხეობაში, რომლის ფერდებზე აქამდე თხილამურით არავინ დაშვებულა. ფილმში მონაწილეობენ, სებასტიენ ვარლე (Sebastien Varlet), ნიკო ფალიანი, ფაბიან ლენში (Fabian Lentsch), იან რაუსისი (Yan Rausis), კორენტინ კროისონერი (Corentin Croisonnier). რეჟისორი სებასტიენ ვარლე (Sebastien Varlet).

ფილმების “Lukmed” და “Lost In Georgia” პირველი ჩვენება გაიმართა საფრანგეთში, ქალაქ ანესში “High Five“ ფესტივალზე. ფესტივალს დაახლოებით 50000 ადამიანი ესწრებოდა. მას შემდეგ ფილმებმა 10-ზე მეტ სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე იმოგზაურა.

ფილმი, “Kastanistan” გადაღებულია რაჭაში. ფილმის გმირები სრიალებენ ისეთ ადგილებში, სადაც ჯერ ფეხიც კი არავის დაუდგამს. ფილმში მონაწილეობენ: ფაბიან ლენში (Fabian Lentsch), კონსტანტინ ოტნერი (Konstantin Ottner), გაბრიელ ინდრისტი (Gabriel Indrist), იოი ჰოფმანი (Joi Hoffman), გოგიტა ჩართოლანი, ზურა ფალიანი, ნიკო ფალიანი, რეჟისორი რაფაელ პოამი (Raphael Poham). ფილმის პრემიერა ავსტრიაში, ინსბრუკში „Freeride FilmBase“ ფესტივალზე გაიმართა.

შთამბეჭდავი ექსტრემალური და ვიზუალური ეფექტებით გაჯერებულმა ფილმების ჩვენებამ, წარმატებით ჩაიარა და ადგილობრივი მაყურებლის უდიდესი მოწონება დაიმსახურა.

ფილმების გადაღების მიზანი გახლავთ, სათავგადასავლო ტურიზმის პოტენციალის წამოჩენა და პოპულარიზება საერთაშორისო მასშტაბით.