მესტიაში ხალდეობის სახალხო დღესასწაული დაფუძნდა

  • მესტიის მუნიციპალიტეტში, კალას ადმინისტრაციულ ერთეულში „ხალდეობის“ დღესასწაული აღინიშნა. სახალხო დღესასწაული დღეს დაფუძნდა და ყოველწლიურად გაიმართება.

„ხალდებობა“ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მესტიის მუნიციპალიტეტის და ხალდეს აღორძიენების ფონდის ორგანიზებით გაიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ფოლკლორულმა ანსამბლმა „რიჰომ“, რომელმაც საზოგადოებას უძველესი სვანური სიმღერები, სვანური ხალხური საკრავების – ჩანგისა და ჭუნირის შესრულებით შესთავაზა, მათ შორის შეასრულეს ხალდეს აჯანყებისთვის მიძღვნილი სვანური ხალხური სიმღერა “გაულ გავხე”.

მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრის მიერ წარმოდგენილი იქნა ეპიზოდი ხალდეს ისტორიიდან.

„ხალდეობის“ დღესასწაულს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ხალდეელთა შთამომავლები ესწრებოდნენ.

სოფელ ხალდეში წინაპართა საცხოვრებელ ადგილს 4 ოჯახი უკვე დაუბრუნდა და დანგრეული სახლები აღადგინეს. გასულ წელს ეკონომიკის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი მუშაობით შესაძლებელი გახდა ხალდეში ელექტრო გადამცემი ხაზების მოწყობა, შესაბამისად, დღეს, სოფელს ელექტროენერგია მიეწოდება.

წელს ხალდეს აჯანყებიდან 145 წელი გავიდა. სვანეთში მომხდარი აჯანყება მიმართული იყო რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ.

1875-1876 წლებში რუსულმა ჯარმა სვანური სოფელი ხალდე მიწასთან გაასწორა და აკრძალა ამ ტერიტორიაზე დასახლება. ცოცხლად გადარჩენილი აჯანყების ყველა მონაწილეს ხანგრძლივი კატორღა ან სამუდამო გაციმბირება მიესაჯა.

კომენტარის დატოვება