- მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას და საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საზეიმო ვითარებაში გაფორმდა.
ღონისძიება „მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში“ გაიმართა და მემორანდუმს ხელი მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა და დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლის დირექტორმა, ლევან გვანცელაძემ მოაწერეს.
მესტიის მუნციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საფეხბურთო სკოლის დაფუძნება უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში 6 წლიდან 12 წლამდე ასაკობრივი გუნდების ჩამოყალიბებას, რომლებიც გაივლიან სრულფასოვან საწვრთნელ პროცესებს. გადამზადდებიან ასაკობრივი გუნდების მწვრთნელები, ხოლო წარჩინებულ ფეხბურთელებს „დინამოს“ აკადემიაში დაწინაურების საშუალება ექნებათ. მესტიის საფეხბურთო სკოლას უხელმძღვანელებს ლიცენზირებული მწვრთნელი, გიორგი გოშთელიანი.
შეხვედრის ფარგლებში დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლის დირექტორმა ლევან გვანცელაძემ, პროექტის მენეჯერმა, გია ისიანმა და რეგიონალურმა კოორდინატორმა, თენგიზ კაციამ აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია წარადგინეს და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
პროექტი ითვალისწინებს ტალანტების მოძიებას, მწვრთნელების გადამზადებას, ფეხბურთელების სტაჟირებას დინამოს აკადემიაში, რეგიონული ნაკრები გუნდების შექმნას, რეგიონული ტურნირებისა და ფესტივალების ორგანიზებას.
პროექტის მხარდამჭერი გახლდათ ონლაინ მაღაზია https://isurve.ge/, რომელმაც მესტიის საფეხბურთო სკოლას უსასყიდლოდ გადასცა სპორტული ინვენტარი.
შეხვედრა დასრულდა მესტიის ფოლკლორული ანსამბლ ,,რიჰო”-ს მიერ შერულებული სვანური ფერხულით და თბილისის დინამოს ჰიმნით.