რას მიუძღვნეს სვანებმა სიმღერა “გაულ გავხე”

  • 1876 წლის 27 აგვისტოს რუსეთის ჯარმა იერიშით აიღო და დაანგრია სოფელი ხალდე, აჯანყებულ სვანთა სიმაგრე. ამ აჯანყებიდან 145 წელი გავიდა.

ანტიკოლონიური აჯანყება, მიმართული ცარიზმის პოლიტიკის წინააღმდეგ, დაიწყო მიწების გაზომვასთან დაკავშირებით, როდესაც სვანეთის მოსახლეობა დარწმუნდა, რომ მეფის მთავრობა ახალი გადასახადებისა და სამხედრო ვალდებულების შემოღებას აპირებდა.

1875 წლის ივნისში, მეფის რეჟიმითა და პოლიტიკით შევიწროებულმა „თავისუფალი სვანეთის“ 2 ათასამდე წარმომადგენელმა, სოფელ ლალხორში თავი მოიყარა, სადაც ყ. შარვაშიძისა და ა. ფარჯიანის მეთაურობით კვირიკეს ეკლესიაში ფიცი დადეს, რომ თუ მთავრობა ხელს არ აიღებდა თავის განზრახვაზე, მაშინ იარაღით იბრძოლებდნენ თავის დასაცავად. შექმნილი ვითარების გამო 1875 წლის ივლისში სვანეთში გაიგზავნა სამხედრო ექსპედიცია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აჯანყებულებს პირობა მისცეს, რომ მთავრობა არ შემოიღებდა ახალ გადასახადებსა და სამხედრო ვალდებულებას. ამით შეძლეს აჯანყებულთა ნეიტრალიზება და სვანეთში მშვიდობიანი შესვლა. მთავრობის ღონისძიებათა წინააღმდეგ სისტემატური გამოსვლებისა და უკანასკნელ მღელვარებაში მონაწილეობისათვის აჯანყების მეთაურად ცნეს და დაადანაშაულეს 16 კაცი, რომელთაც რამდენიმე წლის პატიმრობა ან სვანეთიდან გასახლება მიუსაჯეს. ბრალდებულთაგან გ. გასვიანმა, ჩ. ჯოხაძემ და შ. ქურდიანმა თავს გაქცევით უშველეს. იმავე წელს 4 პატიმარი ქუთაისის ციხეში გარდაიცვალა.
ერთი წლის უშედეგო დევნის შემდეგ მაზრის სამოქალაქო და სამხედრო ადმინისტრაციამ სოფ. ხალდეს მცხოვრებთ მოსთხოვა უზრუნველეყოთ თანასოფლელების გ. გასვიანისა და ჩ. ჯოხაძის პოლიციაში გამოცხადება, წინააღმდეგ შემთხვევაში სოფელს დასჯით ემუქრებოდნენ. ულტიმატუმის შეუსრულებლობის გამო სამხედრო ასეული სოფელში შევიდა და ჯარისკაცები მცხოვრებლებს დაერივნენ. ხალდელებმა თავიანთი კოშკებიდან მომხდურებს ცეცხლი დაუშინეს, ასეულის უფროსი, მამასახლისი და რამდენიმე ჯარისკაცი დახოცეს. ამას მოჰყვა მაზრის უფროსის, ბოქაულის, მომრიგებელი მოსამართლის, აგრეთვე რამდენიმე სამოქალაქო და სამხედრო პირის სიკვდილი თუ დაჭრა (პირველივე ბრძოლაში თითქმის მთელი ასეული განადგურდა, ხალდელთაგან მხოლოდ რამდენიმე კაცი დაიჭრა).

საგანგაშო ვითარების გამო სვანეთში ახალი დიდი სამხედრო ექსპედიცია გაიგზავნა (1200-კაციანი რეგულარული ნაწილი, საარტილერიო ბატარეა, მესანგრეთა რაზმი და მილიციის ს ასეული). ამასთანავე მზადყოფნაში მოიყვანეს ყაბარდოსა და აფხაზეთის ხაზის სამხედრო ნაწილები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში სვანეთში ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან უნდა შეჭრილიყვნენ.
1876 წლის 21 აგვისტოს დილით დაიწყო იერიში, რომელიც 27 აგვისტოს აჯანყებულების შეპყრობით, ხალდეს აღებით და სრული მოსპობით დამთავრდა
(თერთმეტი კოშკი, ორი ათეული მაჩუბი და XI საუკუნის უნიკალური ტაძარი იქნა სრულად დანგრეული).
შეპყრობილ 8 კაცს სამხედრო სასამართლომ სამუდამო კატორღა ან შორეულ მხარეში გადასახლება მიუსაჯა. ამასობაში დააპატიმრეს აჯანყების 22 მონაწილეც, რომელთა დასაცავად აღდგა საქართველოს ფართო საზოგადოება ა. წერეთლის, ნ. ნიკოლაძის, დ.ლორთქიფანიძის, ლ. ლოლუასა და სხვების მეთაურობით. მიუხედავად მხურვალე თანაგრძობისა და მხარდაჭერისა, აჯანყების ყველა მონაწილეს ხანგრძლივი კატორღა ან სამუდამო გაციმბირება მიესაჯა. ამასთანავე აიკრძალა ხალდეში დასახლება, მას ახალი იფრალი დაერქვა. სწორედ ამ აჯანყებას  მიეძღვნა აჯანყებას მიეძღვა ცნობილი სვანური სიმღერა “გაუ ლგავხე”. 

წყარო

კომენტარის დატოვება