- დღეს, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში დაფუძნდა ,,სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მუზეუმის მხარდაჭერის საბჭო“.
სვანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბჭოს შემდაგენლობა მრავალფეროვანია, რომელშიც შედიან: საბჭოს თავმჯდომარე: სსიპ ეროვნული მუზეუმის, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორი, სამეცნიერო ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფ. ზვიად კვიციანისაბჭოს საპატიო თავმჯდომარეები: მაღალყოვლადუსამღვდელოესი, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ილარიონი და მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი.
საბჭოს წევრები: სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის თანამშრომლები, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის სასულიერო წარმომადგენლები, მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის მუშაკები და ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები (გამგებლები), მესტიის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ძეგლების დაცვა, შესწავლასა და აღორძინების საკითხში.
დაფუძნებული საბჭოს მიზანია: მხარი დაუჭიროს სსიპ ეროვნული მუზეუმის, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის ბაზაზე საექსპერტო-სამეცნიერო საქმიანობის აღდგენას. ასევე ზრუნვა, სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და შესწავლის საკითხებზე და ამ დარგში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის კონსულტაციის გაწევა. გარდა ამისა, საბჭოს ამოცანას წარმოადგენს აგრეთვე სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობისთვის ხელშეწყობა, მთლიანად მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აგრეთვე მოაახლეობაში გაბნეული არტეფაქტებისა და ექსპონატების შესყიდვა/გადაცემა მუზეუმისათვის.