- სვანეთის ტურისტული “დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია შან-ლენდმა“ მონაწილეობა მიიღო, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში “TT Warsaw”, რომელიც 23-25 ნოემბერს გაიმართა. გამოფენა “TT Warsaw 2023”- ში 50 ქვეყნის 247 ტურისტული კომპანია იღებდა მონაწილეობას.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “TT Warsaw 2023”- ში მონაწილეობა დიდი შესაძლებლობა გახლდათ შემდეგი მიზნების მისაღწევად: სვანეთის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის ცნობადობის ამაღლება დასავლურევროპულ ტურისტულ ბაზარზე, საერთაშორისო პარტნიორების მოძიება/კონტაქტების დამყარება, სვანეთის ტურისტული პროდუქტებისა და ადგილობრივი ნაწარმის პოპულარიზაცია.
გამოფენაზე „დმო“-მ წარმოადგინა სვანეთის ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტები, დმო-ს წევრებისა და სვანეთში არსებული ტურისტული ობიექტების სია, ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთები და ნაწარმი.
გამოფენის ფარგლებში, „დმო“-ს სტენდზე დამთვალიერებლებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ სვანეთის ტურისტულ შესაძლებლობებს და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია რეგიონის ძირითადი ტურისტული მიმართულებების შესახებ.