- ორბელიანების სასახლეში „სვანეთის დღეები“ საჯარო ლექციებითა და დისკუსიებით გრძელდება, რომელიც სვანურ სამართალსა და სვანურ ტოპონიმებს შეეხება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჯარო ლექცია თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ნინო სამსონიამ ჩაატარა და საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ამ სამეცნიერო დარგის ყურადღებისათვის.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, რადგან ივანე ჯავახიშვილის შემდეგ, ჩვენი დარგისთვის ასეთი ყურადღება არავის მიუქცევია. დღევანდელი ჩვენი ლექცია შეეხებოდა სვანურ ტოპონიმებს ლურსმულ ტექსტებში. ძალიან კარგია, რომ საშუალება მოგვცა, ეს ლექცია ჩაგვეტარებინა და საერთოდ, ყურადღება გაამახვილა ჩვენს დარგზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და რომელიც უნივერსიტეტის დაარსების დღიდანვე არსებობდა. ასეთი ყურადღება ჩვენ არასოდეს გვიგრძვნია. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მეცნიერების მომავალი განვითარებისთვის.
დღევანდელმა ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ძალიან გვიხარია. იმედია, ეს ტრადიცია შემდეგაც გაგრძელდება, რაც უძველეს ლურსმულ დამწერლობებს უკავშირდებოდა, რაც მჭიდრო კავშირშია ქართველურ ენებთან და რაზეც დგას საერთოდ ჩვენი ცივილიზაცია და კულტურა“, – განაცხადა ნინო სამსონიამ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, რეგიონების კვირეულისა და „სვანური დღეების“ ფარგლებში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის სვანეთის ისტორიის შესახებ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული ფოტომასალის გამოფენა შედგება. გამოიფინება ექვთიმე თაყაიშვილის სვანური ექსპედიციის ფოტოები და ბესარიონ ნიჟარაძის საარქივო მასალის ნაწილი.
„რეგიონების კვირეული“ პრეზიდენტის ინიციატივით დაფუძნდა და მისი მიზანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონების მრავალფეროვნების ხაზგასმა და მათი პოპულარიზაციაა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე.
ინიციატივის ფარგლებში, პირველად საქართველოს პრეზიდენტის სასახლის სივრცე მთლიანად დაეთმობა საქართველოს ყველა რეგიონს, რომელსაც შესაძლებლობა მიეცემა, წარმოადგინოს საკუთარი თავი, საქმიანობა და მიღწევები. სამი დღის განმავლობაში, ორბელიანების სასახლის მასპინძელი სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.