მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სპექტაკლმა ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

  • 3 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით სიღნაღის მუნიციპალიტეტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ “სიღნაღის თეატრალურ ფესტივალს“ მასპინძლობს.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მასშტაბით როგორც სახალხო სამოყვარულო თეატრალურმა დასებმა, ასევე პროფესიულმა სახელმწიფო თეატრებმა, სამოყვარულო დასებთან შექმნილი ერთობლივი სპექტაკლებით.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სპექტაკლი „ბეთქილ“

მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექციის ინფორმაციით, სვანური თემატიკით შექმნილმა მიმოდრამამ გულგრილი არ დატოვა მაყურებელი და დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა.

„სიღნაღის თეატრალური ფესტივალი“ ქალაქ სიღნაღში ყოველწლიურად ივნისის თვეში ჩატარდება. მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრებთან არსებული სახალხო თეატრების წარმოდგენები, ასევე ამავე სამოყვარულო დასებისა და სახელმწიფო თეატრების ერთობლივი სპექტაკლები.

ფესტივალი საგანმანათლებლო პროგრამასაც მოიცავს: ერთი კვირის მანძილზე, დაინტერესებული პირებისთვის, იმართებოდა მასტერკლასები, სამუშაო შეხვედრები და საჯარო ლექციები, რომელთაც თეატრალურ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალები უძღვებოდნენ.

სამი კრიტიკოსისა და ორი რეჟისორისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ თეატრებს. გამარჯვებული სპექტაკლებისთვის დაწესებულია ფულადი პრემიები და კომპანია „ზარაფხანას” მიერ სპეციალურად ფესტივალისთვის დამზადებული ჯილდოები.

სწორედ დღეს გამოვლინდება ფესტივალის გამარჯვებული სპექტაკლები. ვუგულშემატკივროთ და წარმატებები ვუსურვოთ მესტიის მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილე თეატრალურ დასს.

ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

+18